• მთავარი
  • Home
  • გუნდი
  • TEAM
  • მისია
  • MISSION
  • განცხადებები
  • Statements
  • პუბლიკაციები
  • PUBLICATIONS
  • More
    • მთავარი
    • Home
    • გუნდი
    • TEAM
    • მისია
    • MISSION
    • განცხადებები
    • Statements
    • პუბლიკაციები
    • PUBLICATIONS
  • მთავარი
  • Home
  • გუნდი
  • TEAM
  • მისია
  • MISSION
  • განცხადებები
  • Statements
  • პუბლიკაციები
  • PUBLICATIONS

უევროპობის ფასი

Diplomatic Society of Georgia's welcome message in Georgian.

ევროპის კავშირში წევრობა ნებაყოფლობითია და ეფუძნება თითოეული ქვეყნის თავისუფალ არჩევანს. დაარსების შემდეგ, ევროპის გაერთიანებებს - შემდეგ კი ევროპის კავშირს - 22 ქვეყანა შეუერთდა. მათ ეს ნაბიჯი საკუთარი ნებით გადადგეს და დასახულ მიზანს შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მიაღწიეს. ამასთანავე, წლების მანძილზე განვითარებასა და ქვეყნებს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობის გამყარებასთან ერთად, უფრო მკაცრდებოდა და რაოდენობრივად იზრდებოდა გაწევრიანებისთვის აუცილებელი დემოკრატიული და ეკონომიკური სტანდარტები.  


დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველომაც თანდათან დაიწყო საკუთარი ადგილის დამკვიდრება მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ევროპის, პოლიტიკურ რუკაზე. წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ერთადერთი გზა საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის გასამყარებლად, მისი განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებაა. იგივეს ადასტურებს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც: მხოლოდ დემოკრატიულ სახელმწიფოს შეუძლია, ერთდროულად უზრუნველყოს ადამიანის თავისუფლებაც და წესრიგიც, ეკონომიკური განვითარებაც და სოციალური კეთილდღეობაც, უსაფრთხოებაც და სამოქალაქო უფლებებიც.  


გეოგრაფია ყველა ქვეყნის განვითარების გზაზე დიდ როლს ასრულებს. ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიულად განვითარებულ ქვეყნებს ემეზობლებიან, თავადაც უფრო სწრაფად ვითარდებიან. საქართველო განსაკუთრებული იყო იმ მიზეზითაც, რომ არადემოკრატიულ გარემოში, ხშირად არსებობის საფრთხის ქვეშ მდგომმა, სხვებისგან განსხვავებული არჩევანი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი მომავალი თავისუფალ, დემოკრატიულ სამყაროს უკავშირდება. 


ამ არჩევანმა საქართველოს თანდათან გაუხსნა განვითარების, მანამდე საუკუნეებით ჩაკეტილი გზა და დამოუკიდებელი საქართველო, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან, აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა დემოკრატიად აქცია. 

  

თავისუფლებისა და დემოკრატიის მნიშვნელობა ესმოდათ 1918-1921 წლებშიც, როდესაც საქართველომ, მაშინდელი მსოფლიოსთვის, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუცია მიიღო, დემოკრატიული პარლამენტი აირჩია და სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარება დაიწყო. მაშინაც, საქართველოს დამოუკიდებლობა, დემოკრატიული მმართველობა და ევროპა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ, ურთიერთგამამყარებელ მიზნებს წარმოადგენდა.


ევროპას მოწყვეტილი საქართველოსთვის კი რუსეთის გავლენის, ავტოკრატიის, ავტორიტარიზმის, რეპრესიის და დაუცველობის მდგომარეობაში დაბრუნება გარდაუვალი ხდება. 1990-იანი წლების, დასავლეთისგან პოლიტიკურად დაშორებული და რუსეთის წინაშე დაუცველი, განსაცდელით სავსე წლები დღესაც გვახსენებს, რას ნიშნავს მარტოდ დარჩენილი საქართველო, რა ელის საქართველოს უევროპოდ.  


ევროპის კავშირი, ბუნებრივია, სოციალური და ეკონომიკური პირობების გამოცაა მიმზიდველი. მართალია ისიც, რომ ქვეყანა დემოკრატიის გარეშეც შეიძლება გამდიდრდეს. მაგრამ სხვადასხვაგვარია დემოკრატიულ და არადემოკრატიულ მდიდარ ქვეყნებში მცხოვრებ მოქალაქეთა ბედი. დემოკრატიული ქვეყნის სიმდიდრის დიდი ნაწილი საზოგადოებრივი ინტერესის სფეროების - გამართული ტრანსპორტი, გზები, ინფრასტრუქტურა, განათლება, პენსია, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა -  განვითარებას ხმარდება. არადემოკრატიულ ქვეყნებში კი სახელმწიფო რესურსები საზოგადოებრივ სიკეთეს იშვიათად ემსახურება: იგივე და, შესაძლოა, უფრო მეტი სიმდიდრეც იშვიათად აღწევს მოქალაქეებამდე და ვერც ვერავინ იგებს, სად ილექება. 


საქართველო არაა ბუნებრივი რესურსებით განსაკუთრებულად მდიდარი ქვეყანა. მისი მთავარი რესურსი მისი მოქალაქეები და ის ისტორიაა, რომელიც მას თავისუფლების, დემოკრატიისა და განვითარებისკენ უბიძგებს. საქართველოს შემთხვევაში, ეს ფასეულობები ევროპასთან და, შესაბამისად, ევროპის კავშირთანაა დაკავშირებული.  


თუმცა, ევროპაში რამდენიმე მაღალგანვითარებული ქვეყანაა, რომელიც ევროპის კავშირის წევრი არაა (მაგ. ნორვეგია, შვეიცარია). ამის მიუხედავად, დღეს ევროპას ევროპის კავშირი წარმოადგენს: ევროპის კავშირი არის ის სივრცე, რასაც ბოლო ათწლეულებია ევროპის ქვეყნების დიდი უმრავლესობა ქმნის საკუთარი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვისაც, როგორც ევროპის კულტურული და ცივილიზაციური ნაწილისთვის, ევროპის კავშირის წევრობის არჩევანი კანონზომიერია. 


საქართველოს ევროპის კავშირში წევრობის მიზნები იგივეა, რაც მის წევრებს აერთიანებთ: მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა - ის, რისთვისაც შეიქმნა ევროპის კავშირი. საქართველოსთვის ევროპის კავშირში წევრობის მიზანია განვითარებული და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება, სიღარიბის დაძლევა, ღირსეული სამუშაოს უფლება, ადამიანები, რომლებსაც სიბერის არ ეშინიათ იმის გამო, რომ მათი პენსია სიცოცხლის შესანარჩუნებლად არასაკმარისია. 


მიზანია ისეთი საქართველო, რომელშიც პოლიტიკური პარტიები და ცალკეული ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ ვეღარ დაისაკუთრებენ სახელმწიფოს, სადაც სიტყვა სახელმწიფო არ ნიშნავს ერთ პოლიტიკურ პარტიას, სადაც თეატრები, მუზეუმები, ინსტიტუტები და უნივერსიტეტები, რომელთა არსებობისთვის მოქალაქეები საკუთარი ჯიბიდან იხდიან, ამა თუ იმ პარტიის სურვილებისა და მიზნების სამსახურში არ დგანან. მიზანია ისეთი ქვეყანა, სადაც თითოეული მოქალაქე თავს დაცულად გრძნობს და სადაც სასამართლო სამართლიანად ასამართლებს ხელისუფალსაც და უბრალო მოქალაქესაც. 


მიზანია უბრალოდ ისეთი ქვეყანა, რომელშიც თავისუფალ არჩევნებში გამარჯვება და დამარცხება დაპირისპირების საბაბი არ გახდება, სადაც დამარცხებულს ძალაუფლებასთან შელევის არ ეშინია და გამარჯვებულს ანგარიშსწორებისკენ არ გაურბის თვალი. სწორედ ასეთ ქვეყნად განვითარებისთვის ინსტიტუციური პირობების შექმნას ითვალისწინებს ევროპის კავშირის ბოლოდროინდელი შეუსრულებელი რეკომენდაციებიც.


ასეთ ქვეყნად განვითარება იყო ყოველთვის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის მიზანიც. 2014 წელს, ასოცირების შეთანხმებით, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა ეწოდა და სიმბოლურად გზა გაეხსნა უპრეცედენტო დაახლოებას ევროპის კავშირთან. 2023 წელს, ევროპის კავშირის წინააღმდეგ მიმართული, ანტიდემოკრატიული კანონების მიღების წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, ევროპის კავშირის ყველა ქვეყანამ დაადასტურა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია. წევრობისკენ მიმავალ გზასაც ვერავინ შეაჩერებდა, საქართველოს ხელისუფლებას უარი რომ არ ეთქვა ყველასთვის ცნობილი, დემოკრატიული მმართველობისაკენ გამიზნული, ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე.


ეს გზა ჩვენამდე 22-მა ქვეყანამ გაიარა და დღეს, ჩვენს გარდა, კიდევ 8 ქვეყანა (მათ შორის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები) გადის. დღეს, მონტენეგრო და ალბანეთი გაფართოების მომავალი ტალღის ყველაზე რეალური კანდიდატები არიან. წლის ბოლომდე მოსალოდნელია გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება უკრაინასა და მოლდოვასთან. გაფართოების პროცედურის თანახმად, ევროპის კავშირი თითოეულ კანდიდატ ქვეყანას პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმების გატარების რეკომენდაციებს აძლევს და ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის თავად უწევს მათ დახმარებას. ევროპის კავშირის ყოველი შვიდწლიანი ბიუჯეტი მილიარდობით ევროს ითვალისწინებს ამ დახმარებისთვის (მათ შორისაა IPA, Growth Pact, Reforms and Growth Facility, Ukraine Facility და სხვა). 


უკანასკნელი თვეების განმავლობაში, თითქმის ყველა კანდიდატმა მიიღო წვდომა უფასო როუმინგზე ევროპის კავშირის ყველა ქვეყანასთან, გადასახადისგან გათავისუფლებულ გადარიცხვებზე ევროში ევროპის კავშირის ნებისმიერი ქვეყნიდან კანდიდატ ქვეყანაში ან პირიქით და სხვა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, ამ სიკეთეებით ესარგებლა, ევროპული ინტეგრაციის შეჩერების გამო, ქვეყანა ამ და სხვა პროცესების მიღმა დარჩა. 


ევროპის კავშირი, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობისთვის შექმნილი გაერთიანებაა. პირველი ევროპული გაერთიანების დამაარსებელი დეკლარაცია იწყება სიტყვებით - “მშვიდობა მსოფლიოში”, გაერთიანების შექმნას კი მშვიდობის წინაშე მდგარი საფრთხეების წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევად წარმოაჩენს. ევროპული ინტეგრაციის შედეგად, ევროპაში ომი უნდა გამხდარიყო არა მხოლოდ წარმოუდგენელი, არამედ “მატერიალურად შეუძლებელი”. 


დღეს, კიდევ ერთხელ, მსოფლიო იცვლება და საერთაშორისო სისტემის ახალი კონტურები ყალიბდება. სწორედ დღეს არის აუცილებელი, რომ საქართველომ - ევროპის ქვეყნებთან გაუმართლებელი ქიშპობის ნაცვლად - აქტიური დიპლომატიით შეძლოს ქვეყნის მიმართ ნდობის აღდგენა და განაგრძოს ევროპის დემოკრატიულ, ეკონომიკურად განვითარებულ და უსაფრთხო ქვეყნებს შორის ადგილის დამკვიდრება. საქართველოს გარეშე ევროპაა არასრულყოფილი, ევროპის კავშირთან დაშორებით კი, საქართველო საკუთარი მშვიდობის, ერთიანობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის ნავსაყუდელს შორდება და ისტორიულ შესაძლებლობას კარგავს.

Copyright © 2026 Diplomatic Society of Georgia - All Rights Reserved.

Powered by

This website uses cookies.

We use cookies to analyze website traffic and optimize your website experience. By accepting our use of cookies, your data will be aggregated with all other user data.

Accept