
მიუხედავად კრემლის მცდელობისა, საერთაშორისო სანქციების ეფექტი დროებით გამოწვევად წარმოაჩინოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საკუთარი პარტნიორების წინაშე, რეალური ეკონომიკური ინდიკატორები განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს. რუსეთის ხელისუფლების ნარატივი, თითქოს ქვეყნის ეკონომიკამ შეძლო ადაპტაცია კრიზისულ/საომარ ვითარებასთან სულ უფრო ნაკლებად დამაჯერებელი ხდება. ზემოაღნიშნულის დასადასტურებად, განვიხილავთ მთელ რიგ სექტორს.
სამხედრო ეკონომიკა და სტაგნაცია: 2023-2024 წლებისმონაცემებით, ზრდა სამხედრო შეკვეთების ხარჯზე ნარჩუნდებოდა, 2025-2026 წლებში კი ტემპი მკვეთრად შენელდა. ქვეყანა გადასულია "საომარ რელსებზე", რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია. 2026 წლისთვის მშპ-ის ზრდის პროგნოზი მხოლოდ 0.5-1.5%-ის ფარგლებშია. ფინანსური სისტემის დეგრადაცია: რუსეთს არ აქვს წვდომა 300 მილიარდი დოლარის გაყინულ რეზერვებზე საზღვარგარეთ. ქვეყანაში შეიქმნა ვალუტის დეფიციტი, ხოლო ინფლაციის შესაკავებლად ცენტრალური ბანკი იძულებულია შეინარჩუნოს 21%-იანი საპროცენტო განაკვეთი. ეს აფერხებს ინვესტიციებს და იწვევს კომპანიების მასობრივ გაკოტრებას. ენერგეტიკული იზოლაცია: ევროპული ბაზრის დაკარგვის გამო, რუსული ნავთობი (Urals) იყიდება დიდი ფასდაკლებით. ქვეყანა იძულებულია გამოიყენოს ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტი“, რაც ზრდის ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯებს. ტექნოლოგიური ჩამორჩენა: დასავლურ მიკროჩიპებზე, საავიაციო ნაწილებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომის შეზღუდვა იწვევს რუსული ინდუსტრიის გრძელვადიან ტექნოლოგიურ რეგრესს.
რუსეთმა დაკარგა სტაბილური დასავლური პარტნიორები და სრულად გადავიდა ჩინურ ტექნოლოგიებსა და გადახდის სისტემებზე. ეს მოსკოვს პეკინთან მიმართებით სუსტ და არათანასწორ პოზიციაში აყენებს. დემოგრაფიული კრიზისი: მობილიზაციამ და მასობრივმა ემიგრაციამ (1 მილიონზე მეტი ადამიანი) გამოიწვია მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტი. მუშახელის ნაკლებობა მშენებლობის, ლოგისტიკისა და წარმოების სექტორებში ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა.
2014 წლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო შეზღუდვების პროცესი რამდენიმე ფუნდამენტურ ეტაპად იყოფა.
სანქციების პირველი ტალღა ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებას მოჰყვა (2014-2021). ამ პერიოდში აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა აქცენტი გააკეთეს მაღალჩინოსნების აქტივების გაყინვასა და სავიზო შეზღუდვებზე. ასევე ამოქმედდა ე.წ. „მაგნიტსკის აქტი“ და სანქციები სკრიპალებისა და ნავალნის საქმეების გამო. უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ უპრეცენდენტოდ გაიზარდა საქციების არეალი და სისტემური ხასიათი მიიღო (2022-2024). პირველ ეტაპზე მოხდა ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა და ბანკების SWIFT-დან გათიშვა. მოგვიანებით დარტყმა მიადგა ენერგეტიკულ სექტორს — აიკრძალა ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტი. ბოლო პერიოდის (მე-16-დან მე-20 პაკეტამდე 2025-2026) ძირითადი ფოკუსი სანქციებისთვის გვერდის ავლის მექანიზმების ჩახშობაზე გადავიდა. 2026 წლის აპრილის მე-20 პაკეტით კიდევ უფრო შემცირდა ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი და გამკაცრდა კონტროლი კრიპტოვალუტების მეშვეობით წარმოებულ ფინანსურ სერვისებზე.
მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ფონზე, საერთაშორისო ექსპერტებისა და ორგანიზაციების პროგნოზებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ 2028-2030 წლებისთვის რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციისა და ცხოვრების დონის მკვეთრი გაუარესებისკენ იქნება მიმართული. სანქციებმა რუსეთი იზოლირებულ, ჩინეთზე დამოკიდებულ და მხოლოდ ომის წარმოებაზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ აქცია.
9/06/2026
We use cookies to analyze website traffic and optimize your website experience. By accepting our use of cookies, your data will be aggregated with all other user data.