
უკანასკნელ პერიოდში საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში გააქტიურდა ნეიტრალიტეტის შესახებ დისკუსია, რომელიც ხშირად, წარმოდგენილია, როგორც ისტორიულად და ცივილიზაციურად ჩამოყალიბებული ევროპული არჩევანის ალტერნატივა. კარგად ორგანიზებული პროპაგანდისტული კამპანია ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ თითქოს სწორედ ნეიტრალიტეტი არის საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების, მათ შორის სტაბილურობის შენარჩუნების და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზა.
ერთი შეხედვით, ნეიტრალიტეტი, როგორც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმა მიმზიდველ ალტერნატივად გამოიყურება, თუმცა ისტორიული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ მოწყვლადი სახელმწიფოებისთვის ფორმალური ნეიტრალიტეტი ვერ უზრუნველყოფს რეალურ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეზობლად ისეთი აგრესიული და რევიზიონისტული ძალა მოქმედებს, როგორც რუსეთია.
ამის ნათელი დასტურია ჩვენი უახლოესი პარტნიორების მოლდოვისა და უკრაინის გამოცდილება. 1994 წელს მიღებული კონსტიტუციის თანახმად, მოლდოვა ოფიციალურად გამოცხადდა მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსის მქონე სახელმწიფოდ. 2010 წელს, უკრაინის უმაღლესმა საკანონმდელო ორგანომ მიიღო კანონი სამხედრო მიუმხრობლობის შესახებ, რომელიც ქვეყანას უკრძალავდა ნებისმიერი სამხედრო და პოლიტიკური ალიანსის, მათ შორის ნატო-ს წევრობას. აღნიშნულის მიუხედავად, დღემდე მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოუგვარებელ პრობლემად რჩება, ხოლო რუსეთის შეიარაღებული ძალები უკანონოდ იმყოფებიან მის ტერიტორიაზე. ამავდროულად, 2014 წელს რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და დაიწყო სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც ოკუპირებული რჩება.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა არაპროვოცირებულმა და ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ საბოლოოდ დაადასტურა ნეიტრალიტეტის იდეის აბსურდულობა საქართველოსთვის, რისი თვალსაჩინო მაგალითია შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება. აღნიშნული სახელმწიფოები ათწლეულების განმავლობაში ოფიციალურად ატარებდნენ სამხედრო დაპირისპირებაში მიუმხრობლობის პოლიტიკას, თუმცა ამავდროულად მათი შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობა და სამოქალაქო მედეგობა სანიმუშო იყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფართომასშტაბიანმა ომით გამოწვეულმა სამხედრო აგრესიის რეალურმა საფრთხემ, მკაფიო გახადა ნატოს ქოლგის ქვეშ ყოფნის უალტერნატივობა, რამაც შვედეთსა და ფინეთს საბოლოოდ უარი ათქმევინა მიუმხრობლობის პოლიტიკაზე.
აქედან გამომდინარე, ზემოხსენებული შემთხვევები ნათლად გვიჩვენებს, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის ნებისმიერი ფორმით გამოცხადება ვერ იქნება განხილული, როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი მექანიზმი. პირველ რიგში, ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში, როდესაც ქვეყანა მუდმივი სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ნეიტრალიტეტზე საუბარი აზრს მოკლებულია, ვინაიდან საქართველოს მსგავსი გეოპოლიტიკური მოცემულობის სახელმწიფოსთვის მხოლოდ ძლიერი ალიანსის წევრობა შეიძლება იყოს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შემაკავებელი ფაქტორი. მეორე, მცდარია იმის მტკიცება, რომ ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩება, რადგან არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ან გარანტია, რომ რუსეთი ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დააბრუნებს. პირიქით, წინა მაგალითები აჩვენებს, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადებამ არათუ ვერ უზრუნველყო ეგზისტენციალური საფრთხეების განეიტრალება, არამედ შექმნა რუსეთის მხრიდან შემდგომი ექსპანსიის საფუძველი.
ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან ნეიტრალიტეტი თავისი არსით გულისხმობს ქვეყნის მიერ სამხედრო თუ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსებზე უარის თქმას, ის სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ პრინციპებთან, რაც გულისხმობს ქვეყნის ევროპის კავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.
საგულისხმოა ასევე, რომ ქართულ საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებული დისკუსიის გაჩენა ემთხვევა საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესებას. შესაბამისად, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული საინფორმაციო კამპანიის უკან დგას რუსეთი და ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ამას აკეთებს ჩვენივე თანამოქალაქეების ხელით. ათწლეულების განმავლობაში, რუსეთი დესტაბილიზაციის კამპანიების, მათ შორის საინფორმაციო ომის მეთოდების საშუალებით ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის არჩევანს საკუთარი ისტორიული ადგილი დაიმკვიდროს ევროპულ ოჯახში. სწორედ რუსეთის ინტერესებშია ქართულ საზოგადოებაში გაჩნდეს ამ ისტორიული არჩევანის ალტერნატივა ნეიტრალიტეტის სახით.
ამრიგად, საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნებისმიერი ფორმით ნეიტრალიტეტის გამოცხადების შესახებ შექმნის პოლიტიკურ და უსაფრთხოების ვაკუუმს. ასეთ ვითარებაში კი, რუსეთს ექნება შესაძლებლობა საგრძნობლად გაზარდოს გავლენა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, რაც თავისთავად გულისხმობს ქვეყნის სუვერენული უფლებების რუსეთისთვის არაფორმალურ გადაბარებას.
We use cookies to analyze website traffic and optimize your website experience. By accepting our use of cookies, your data will be aggregated with all other user data.