
2026 წლის 29 იანვარს ეუთო-ს ადამიანური განზომილების მოსკოვის მექანიზმი საქართველოსთან მიმართებით პირველად ამოქმედდა ეუთო-ს 23 მონაწილე სახელმწიფოს მიერ (ავსტრია, ალბანეთი, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი).
რა არის მოსკოვის მექანიზმი? ადამიანური განზომილების 1991 წლის მოსკოვის კონფერენციაზე დაფუძნებული მექანიზმი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში მონაწილე სახელმწიფოების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტს. აღნიშნული მექანიზმი იძლევა დამოუკიდებელ ექსპერტთა მისიების მივლინების შესაძლებლობას, კონკრეტული პრობლემური საკითხების შესწავლისა და მათი მოგვარების ხელშეწყობის მიზნით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსკოვის მექანიზმის ასამოქმედებლად 10 სახელმწიფოს მხარდაჭერაც საკმარისი იყო.
მოსკოვის მექანიზმი ავსებს და აძლიერებს ვენის მექანიზმს - ეუთო-ს კიდევ ერთ ინსტრუმენტს, რომელიც ასევე ამოქმედდა საქართველოსთან მიმართებით 2024 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ცნობებზე მზარდი შეშფოთების საპასუხოდ. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს მუდმივ საბჭოში აღნიშნული საკითხის თანმიმდევრული წამოწევა და განხილვა ხდებოდა, საქართველოს ხელისუფლებამ არსებითი უკუკავშირი ვერ უზრუნველყო, რამაც, ვითარების შემდგომ გაუარესებასთან ერთად, მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება განაპირობა.
მექანიზმის დაარსების დღიდან ეს მისი გამოყენების მე-17 შემთხვევაა. ბოლო 15 წლის მანძილზე მექანიზმის ამოქმედების ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა რუსეთსა და ბელარუსში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში წარმოქმნილ სიტუაციებს.
მექანიზმის ინიციატორმა სახელმწიფოებმა საქართველოსთან დაკავშირებით განსაკუთრებული შეშფოთება შემდეგ საკითხებზე დააფიქსირეს: საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვას; ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ მიმართული სამართლებრივი ქმედებები; პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები და სისხლისსამართლებრივი დევნა; სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება; ძალის გადამეტება და თვითნებური დაკავებები; ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების შევიწროება.
საქართველოზე მანდატი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ფაქტების დამდგენი მისიის შექმნა საქართველოს მიერ ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად, განსაკუთრებული აქცენტით 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. კერძოდ, მისიას, სხვა ამოცანებთან ერთად, დაევალა საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში ბოლოდროინდელი მოვლენების დოკუმენტირება და მათი გავლენის შეფასება სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა კომპონენტებზე.
მანდატის ფარგლებში მომხსენებელი ეწვია საქართველოს, გამართა შეხვედრები, განიხილა წერილობით წარდგენილი და საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რის შედეგადაც მოამზადა ანგარიში, რომელიც 2026 წლის 12 მარტს გამოქვეყნდა.
ანგარიში წარმოადგენს მოვლენების დამოუკიდებელ შეფასებას, დეტალურად აღწერს სერიოზულ დარღვევებს, ძალადობის ფორმებსა და ტენდენციებს, უფლებების ხელყოფის სხვა შემთხვევებს და ასევე მოიცავს კონკრეტული რეკომენდაციების ფართო სპექტრს, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო აქტორებისთვის. ანგარიშის დასკვნა ცალსახა და საგანგაშოა: „მანდატით განსაზღვრულ პერიოდში საქართველოში მკვეთრი დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა“. უფრო მეტიც, ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, მთავრობის მიერ ადამიანური განზომილებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა. აღნიშნული საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ორგანოებისა და მექანიზმების მხრიდან აქტიურ მონიტორინგს და შესაძლო თანმდევ ქმედებებს, რაც შემდგომი გაუარესების თავიდან აცილებისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენს. განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ ანგარიშის თანახმად, ზოგიერთი დარღვევა, შესაძლოა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მანდატის ფარგლებში მოექცეს. შესაბამისად, მომხსენებლის რეკომენდაციები მოიცავს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაძლო გამოყენების შესწავლას. მომხსენებლის შეფასებით, სახელმწიფოებმა ასევე შეიძლება, განიხილონ უნივერსალური იურისდიქციის გამოყენება და საერთაშორისო სასამართლოებისთვის მიმართვა. საყურადღებოა, რომ ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებისადმი, განიხილონ მიზნობრივი სანქციების დაწესება განსაკუთრებით სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ.
თავად მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების ფაქტი წყალგამყოფ მომენტს წარმოადგენს: ეუთო-ს ისტორიაში იგი პირველად ამოქმედდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ, რაც საქართველოს - ქვეყანას, რომელიც ათწლეულების მანძილზე ევროკავშირის წევრობას ესწრაფვოდა - ავტორიტარული სახელმწიფოების რიგში აყენებს. მნიშვნელოვანია, რომ მექანიზმის ამოქმედების ინიციატორები იყვნენ საქართველოს უახლოესი პარტნიორები, რომლებიც თანმიმდევრულად მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, განვითარებასა და კეთილდღეობას, ისევე, როგორც მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები სერიოზულად ირღვევა და ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის კუთხით არსებულმა ვითარებამ უკიდურესად საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები არ ატარებს სამართლებრივად სავალდებულო ხასიათს, შესაძლოა, ისინი შემდგომი ქმედებების და დამატებითი პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის საფუძველი გახდეს.
7/06/2026
We use cookies to analyze website traffic and optimize your website experience. By accepting our use of cookies, your data will be aggregated with all other user data.