
26 მაისი ქართველი ერის თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოა. 108 წლის წინ მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ და თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ისტორიულმა არჩევანმა განსაზღვრა საქართველოს დღევანდელი გზაც.
დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში თავისი ღირსეული ადგილის დამკვიდრების, ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო არენაზე სანდო და პასუხისმგებლობიანი პარტნიორის იმიჯის დასამკვიდრებლად. საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს დემოკრატიის განმტკიცების, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიის 20%-ზე მეტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის გაძლიერება, ნაცვლად იზოლაციისა და კონფრონტაციისა.
პარტიული გავლენებისგან თავისუფალი, კომპეტენციაზე დაფუძნებული და მდგრადი დიპლომატიური სამსახური სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს წარმოადგენს. ქართული დიპლომატიის ვალდებულებაა კეთილსინდისიერად, ერთგულებითა და პასუხისმგებლობით უწყვეტად ზრუნავდეს ეროვნული ინტერესების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე, ასევე, საგარეო პოლიტიკის იმ გაცხადებული მიზნების განხორციელებაზე, როგორიცაა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია.
ჩვენი ქვეყნის ისტორიული გამოცდილება ნათელი დასტურია იმისა, რომ დამოუკიდებლობა არ არის თავისთავადი მოცემულობა. ეს ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომლის შენარჩუნება ყოველდღიურ ძალისხმევას, დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებასა და თავდადებულ შრომას მოითხოვს.
სახელმწიფოს გარშემო სამოქალაქო ერთიანობა და კონსტიტუციით გამყარებული ღირებულებებისადმი ერთგულება შექმნის საფუძველს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფალ, დემოკრატიულ და განვითარებულ ერებს შორის მისი ადგილის დამკვიდრებას უზრუნველყოფს.
საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
We use cookies to analyze website traffic and optimize your website experience. By accepting our use of cookies, your data will be aggregated with all other user data.