
5/06/2026 - მიმდინარე წლის 4 ივნისს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ყოველწლიური რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ სახელმწიფოსადმი, რომელმაც მხარი დაუჭირა და დაასპონსორა რეზოლუცია. საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე დაფიქსირებული მხარდამჭერი და პრინციპული პოზიცია ნათლად წარმოაჩენს, თუ ვინ არის საქართველოს ნამდვილი პარტნიორი.
ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ რეზოლუციაზე მხარდაჭერის კონსოლიდაცია სხვადასხვა თაობის ქართველ დიპლომატთა 20 წლიანი, თანმიმდევრული ძალისხმევის შედეგია, რომლის მიზანიც ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაცია და მის გადაჭრაში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გაძლიერება იყო.
აქვე ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე, აუცილებელია გაერო-ს პლატფორმების რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის სხვა კომპონენტებთან დაკავშირებული ინიციატივებით დატვირთვა.
We use cookies to analyze website traffic and optimize your website experience. By accepting our use of cookies, your data will be aggregated with all other user data.